Loading data...
დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuters.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის 30-საათიან „სააღდგომო ზავს“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინამ „ცეცხლის სრულად შეწყვეტის ვალდებულება აიღო“ და რუსეთმა იგივე უნდა გააკეთოს.

მისივე თქმით, პაუზა მხარეებს საშუალებას მისცემს, მოლაპარაკება სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობაზე წარიმართოს.

„ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ თავისი საშინელი შეჭრის დასრულებით“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 აპრილს უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ცეცხლის შეწყვეტა 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს.