დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის განბლოკვის სამიტს უმასპინძლებს - Politico
დიდი ბრიტანეთი უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტის განბლოკვით დაინტერესებული ქვეყნების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ Politico ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
სამიტი, სავარაუდოდ, ლონდონში ან პორტსმუტში გაიმართება, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში, სადაც სამეფო საზღვაო ძალები არიან ბაზირებულნი.
მანამდე, 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ „შესაბამის ზომებს“ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების დასაცავად. ამ მარშრუტით გავლა საფრთხის ქვეშაა შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასაშუალებასთან კონფიდენციალურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ ლონდონს სურს შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია, რათა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მარშრუტი გაიხსნას.
შეგახსენებთ, 22 მარტს თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანით დაემუქრა.