დიდი ბრიტანეთი: ღაზას საკოორდინაციო ცენტრიდან ჩვენი გაძევება სამშვიდობო ძალისხმევას „ძირს უთხრის“
გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ ღაზის ომის შემდგომი პერიოდისთვის შექმნილი, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო ცენტრიდან მისი წარმომადგენლების გაძევება „ღაზაში ვითარების გაუმჯობესების ძალისხმევას შეაფერხებს“.
„დიდი ბრიტანეთი ერთგულია ღაზაში 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელებისა და ადგილზე ვითარების გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიმართ. აშშ-ისა და „მშვიდობის საბჭოს“ მოთხოვნით, ასევე, ღაზის მომავლისადმი ბრიტანეთის ერთგულებიდან გამომდინარე, ლონდონი კვლავ აგრძელებს მუშაობას IGSC-ში - აშშ-სთან, ისრაელთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და გაეროს სააგენტოებთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ეს რეზოლუცია 2025 წელს მიიღეს და ის ღაზასთან დაკავშირებით ამერიკულ გეგმას უჭერს მხარს.
„დიდი ბრიტანეთის ან სხვა პარტნიორების ცენტრიდან გაყვანა ამ ერთობლივ ძალისხმევას შეაფერხებს“, - დასძინა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი განიხილავს საკოორდინაციო ცენტრიდან ბრიტანელი ოფიციალური პირების გაძევებას. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ლონდონსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ზრდასთან, განსაკუთრებით ისრაელის მიერ სადავო E1 დასახლებების გეგმის გაფართოებასთან დაკავშირებით.
საქმესთან დაახლოებულმა წყარომ The Times of Israel-ს ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ლონდონის წინააღმდეგ „სხვა ზომების“ მიღების შესაძლებლობაც განიხილება.