Loading data...
დიდი ბრიტანეთი გეგმავს, შეიძინოს ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია - The Sunday Times

დიდი ბრიტანეთი თავისი ბირთვული შემაკავებელი ძალების გაფართოებას გეგმავს და, ამ ძალისხმევის ფარგლებში, განიხილავს ავიაგამანადგურებლების შეძენას, რომლებსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაშვება შეუძლია. ამის შესახებ The Sunday Times-მა შეიტყო.

როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბირთვული იარაღის გადამტანების შეძენაზე „უკიდურესად დელიკატურ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ამჟამინდელი უფროსი, ადმირალი სერ ტონი რადაკინი აშშ-ისგან ისეთი ავიაგამანადგურებლების შეძენას გეგმავენ, რომლებსაც შეუძლია გრავიტაციული ბომბების გაშვება უფრო ნაკლები სიმძლავრით, ვიდრე ჩვეულებრივი ბირთვული ქობინების. 

პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მხარდაჭერის შემდეგ ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა პენტაგონთან პირველი მოლაპარაკებები გამართეს, იტყობინება The Sunday Times.

წყაროების ცნობით, დიდი ბრიტანეთი ამჟამად Lockheed Martin F-35A Lightning stealth გამანადგურებლების შეძენას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, სავარაუდოდ, სხვა ტიპის თვითმფრინავების შეძენაც განიხილება.

ამ თვითმფრინავებს 1400 კმ-ის დიაპაზონი აქვს, რაც F-35-ის სხვა ვარიანტების დიაპაზონს აღემატება და შეუძლია B61 თერმობირთვული გრავიტაციული ბომბის ტარება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, ნატოს ბირთვული შეკავების ფარგლებში გამოიყენებს.

The Sunday Times-ის ცნობით, F-35A Lightning-ები დიდი ბრიტანეთის ბირთვული შემაკავებელი ძალის მეორე საყრდენი უნდა გახდეს (წყალქვეშა ნავებთან ერთად) და მათი გამოყენება შესაძლებელია სცენარში, რომელიც სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს არ მოიცავს. 

დიდი ბრიტანეთის არმიის გადაიარაღების დეტალები, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვაში იქნება ასახული, რომელიც 2 ივნისს გამოქვეყნდება.