დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს
„დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ინფორმაციას ბრიტანეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ავრცელებენ“, - ამის შესახებ BBC წერს.
41 წლის მამაკაცს, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის არ სახელდება, ბრალად ედება საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და გამჟღავნება, ასევე უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის დახმარება.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, გამოძიებაში ჩართულია კონტრტერორისტული დანაყოფი, რომელიც თანამშრომლობს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და სამხედრო უწყებებთან. დაკავებული ამჟამად ლონდონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კაშ პატელმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის სავარაუდო ფაქტი აშშ-სა და მის მოკავშირეებში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
„ეს მნიშვნელოვანი დაკავება ჯაშუშობის ბრალდებებს უკავშირდება, რაც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის უდიდესი შეშფოთების საგანია. ვიდრე გამოძიება გრძელდება, მინდა, მკაფიო გზავნილი გავაჟღერო – FBI არ შეეგუება იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის წინაშე დადებულ ფიცს არღვევენ და თავიანთი ქმედებებით საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნისა და პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა პატელმა.
დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ეროვნული კოორდინატორის მოადგილის, ვიკი ევანსის განცხადებით, დაკავება ბრიტანეთისა და აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.
„ეს მნიშვნელოვანი დაკავება ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ბრალდებები სერიოზულია და გამოძიება აქტიურად გრძელდება. ეს ოპერაცია აჩვენებს, რამდენად მტკიცეა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ გუნდს გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ მკაცრ ზომებს იმ პირების წინააღმდეგ, რომელთა დანაშაულებრივმა ქმედებებმა, შესაძლოა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენოს“, – განაცხადა ევანსმა.