დაუნინგ-სტრიტის ცნობით, ენდი ბერნჰემი და დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის „ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე“ შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ორი ლიდერი რუსეთსა და უკრაინას შორის „ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე“ შეთანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ-სტრიტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით ბოლო დროს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ“, - განაცხადა დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენელმა.
პრესსპიკერმა დასძინა, რომ ბერნჰემმა და ტრამპმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის საკითხი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა „ხაზი გაუსვა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის და იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.
ბერნჰემმა და ტრამპმა ტელეფონით მას შემდეგ ისაუბრეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 6 სექტემბერს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ, ერთი დღით ადრე კი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს.