Loading data...
დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულ პალესტინელს შესაძლოა სიკვდილით დასჯის ახალი კანონი შეეხოს

ისრაელის სამხედრო პროკურატურა პალესტინელი პირის წინააღმდეგ ბრალდების წარდგენას გეგმავს, რაც შესაძლოა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ახალი კანონის პირველი გამოყენების შემთხვევა გახდეს.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, საუბარია კადრი სამარაზე, რომელსაც 20 სექტემბერს, დასავლეთ სანაპიროზე, ნევე-ცუფის დასახლებასთან მდებარე ბუნებრივ წყაროსთან მომხდარ თავდასხმასა და ისრაელის მოქალაქის მკვლელობაში ედება ბრალი.

პროკურატურის ცნობით, სამარა ავტომობილით მივიდა ბუნებრივ წყაროსთან, სადაც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად ნეთანელ შუკრონი სასიკვდილოდ დაიჭრა. შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას თავდამსხმელი ისრაელის სამხედრო მოსამსახურემ დაჭრა. მოგვიანებით ის რამალასთან მდებარე საავადმყოფოში დააკავეს.

მომხდარს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს „შესაბამისი სასჯელია საზიზღარი ტერორისტისთვის და სამართლიანობის აღდგენის საშუალება შუკრონების ოჯახისთვის“.

შეგახსენებთ, 2026 წლის მაისში, ისრაელში მიიღეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმის ჩადენაში ბრალდების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა, ჩამოხრჩობის გზით, სავალდებულო სასჯელად განისაზღვრა.