დანიის პრემიერ-მინისტრი: აშშ-ის მიერ გრენლანდიის ანექსია ნატოს დასასრულს ნიშნავს
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიის სამხედრო ანექსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასასრულს ნიშნავს.
ფრედერიქსენის თქმით, თუ აშშ გადაწყვეტს ნატოს სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, „მაშინ ყველაფერი დამთავრდება“.
„მათ შორის ჩვენი ნატო და შესაბამისად, უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არის უზრუნველყოფილი“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს.
„მე მჯერა დემოკრატიისა და საერთაშორისო თამაშის წესების. ასევე, მჯერა, რომ საზღვრები არანაირად არ უნდა შეიცვალოს“, - დასძინა დანიის მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს ვენესუელაში აშშ-ის ქმედებების შესახებ ჟურნალ The Atlantic-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გრენლანდიის კონტროლის სურვილი.