Loading data...
დანიის მთავრობა სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა პირადი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების სრულად აკრძალვას გეგმავს

„დანიის მთავრობა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების სრულად აკრძალვას გეგმავს“, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

აკრძალვა შეეხება როგორც მობილურ ტელეფონებს, ისე სხვა პირად ელექტრონულ მოწყობილობებს.

შეზღუდვა იმოქმედებს როგორც გაკვეთილების, ასევე შესვენების დროსაც. ასევე, აკრძალვა შეეხება მობილური ტელეფონების სკოლის ეზოში გამოყენებასაც.

„როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელებში ასაკობრივ შეზღუდვებსა და სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას ვთავაზობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენთვის რაიმეს წართმევა გვინდა. პირიქით, გვინდა რაღაც დაგიბრუნოთ – თქვენი ბავშვობა და თავისუფლება“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

დანია არ არის პირველი ქვეყანა, სადაც სკოლებში სმარტფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვა სურთ. პოლონეთში შესაბამისი კანონი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდა. ჩეხეთში სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის შემოღებას 2027 წლის სექტემბრიდან გეგმავენ. ლატვიაში კი პირველი ივნისიდან სკოლებში 1-9 კლასის მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალა.