Loading data...
დანიასა და გრენლანდიას სურთ, კუნძულის თაობაზე მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებები გამართონ

დანია და გრენლანდია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრას ითხოვენ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ სურს, კონტროლი დაამყაროს სტრატეგიულ კუნძულზე, რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს. 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა და მისმა გრენლანდიელმა კოლეგამ ვივიან მოცფელდტმა რუბიოსთან უახლოეს მომავალში შეხვედრა მოითხოვეს, განაცხადა გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეხვედრის თაობაზე წინა მოთხოვნები წარუმატებელი აღმოჩნდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ 6 იანვარს ტელეფონით ესაუბრა რუბიოს, რომელმაც უარყო გრენლანდიაში ვენესუელის მსგავსი ოპერაციის განხორციელების იდეა.

„შეერთებულ შტატებში უზარმაზარი მხარდაჭერაა ქვეყნის მიმართ, რომელიც ნატოს წევრია - წევრობა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება საფრთხე შეექმნას ნატოს სხვა წევრის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ფორმით“, - განაცხადა ბარომ რადიო France Inter-ის ეთერში.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი გრენლანდიას მოითხოვს, ბარომ აღნიშნა, რომ ის „გამოგონილ დიპლომატიაში“ არ ჩაერთვება.