Loading data...
დაღესტანში წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

საერთო ჯამში 4 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. 5 აპრილს წყალმა ორსული ქალი და 12 წლის ბავშვი წაიღო. მაშველებმა ორივე წყლიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კიდევ ერთი ადამიანი კაიტაიგის რაიონში დაიღუპა, სადაც მეწყერი ჩამოწვა და მან საცხოვრებელი სახლი დაფარა.

დასახლება მამედქალას მახლობლად 5 წლის გოგო დაიღუპა, მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს. ბავშვის ბებიის მოძებნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ასევე მაშველები 44 წლის ქალს ეძებენ.

მარტის შემდეგ დაღესტანში უკვე მეორე ძლიერ წყალდიდობა მოხდა, მახაჭყალაში წყლის ნაკადმა სახლი დააზიანა, რომელიც ჩამოინგრა. სახლის მობინადრეები მაშველებმა წინასწარი გამოიყვანეს, ახლომდებარე სახლების მოსახლეობა ასევე ევაკუირებული იყო, რადგანაც მათი დანგრევის საფრთხეც არსებობს.

საერთო ჯამში დაღესტნის 9 დასახლებულ პუნქტში ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, კვლავ შენარჩუნებულია მეწყერის, ქვების ცვენის და ღვარცოფის საფრთხე.