დაძაბულობა მოკავშირეებს შორის? - WP ცნობით, აშშ კანადასთან სამხედრო კონტაქტებს ზღუდავს
პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-სა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებზე ახალი შეზღუდვები დააწესა. აღნიშნულის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალური პირების განცხადებით, პიტ ჰეგსეთმა ეს დირექტივა, რომლის შესახებაც მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, გასულ კვირას გავრცელებულ საიდუმლო მემორანდუმში გამოაქვეყნა.
ერთ-ერთი პირის პირის თქმით, ახალი შეზღუდვები კანადელების მიერ, უდავოდ, აღქმული იქნება როგორც „სილის გაწვნა“. ამასთან, ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ შეიზღუდება ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა.
ჰეგსეთის წარმომადგენელმა შონ პარნელმა, შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონი ზომებს იღებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანადასთან ურთიერთქმედება აშშ-ის კონკრეტული თავდაცვითი მიზნების მიღწევას ემსახურებოდეს და, საბოლოო ჯამში, თავდაცვითი ურთიერთობების გაძლიერებას უწყობდეს ხელს.
პარნელის თქმით, თავდაცვის სამინისტრო პრიორიტეტს ანიჭებს ორმხრივი თანამშრომლობის ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც „აძლიერებს ორივე ქვეყნისა და საერთო ნახევარსფეროს თავდაცვას და ამავდროულად მხარს უჭერს კანადის შესაძლებლობას, შეასრულოს ნატოს ფარგლებში აღებული ვალდებულებები“.
პარნელის განცხადებით, ჰეგსეთის დირექტივა გავლენას არ მოახდენს თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე ან იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ აშშ-ისა და კანადის შეიარაღებული ძალები ნატოს სამხედრო ალიანსის ფარგლებში, რომელშიც, ასევე, შედიან ევროპელი მოკავშირეები.
კანადის ქალაქ ჰალიფაქსში თავდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, აშშ-ის სენატორებმა განაცხადეს, რომ ჰეგსეთის მითითებები მიზნად ისახავდა აშშ-სა და კანადის სამხედრო პერსონალს შორის სოციალური კონტაქტის შეზღუდვას, მათ შორის კონფერენციებსა თუ აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობას.
„ეს არსებითად არანაირ ცვლილებას არ იწვევს ოფიციალურ საქმიანობაში, თუმცა ირიბად მიანიშნებს, რომ ნებართვის გარეშე ნაკლები არაფორმალური ან სოციალური ღონისძიება უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა სენატორმა მაიკ რაუნდსმა.
კანადის თავდაცვის მინისტრმა დევიდ მაკგინტიმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ჯერ არ უნახავს და მის შესახებ მხოლოდ ამ უქმეებზე შეიტყო.
„ჩვენთვის ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - განაცხადა მაკგინტიმ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობებზე საუბრისას.