CNN: თუ ჩინეთის აღლუმის მიზანი ტრამპის გაღიზიანება იყო, ამან იდეალურად იმუშავა

ჩინეთში გამართულ აღლუმზე „ანტიდასავლური“ ქვეყნების ლიდერების შეკრება გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკამ, რომელიც ტარიფებით კონფრონტაციას და სუსტი სახელმწიფოების დაშინებას გულისხმობს, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს.
CNN-ის სტატიის თანახმად, ტრამპი გაღიზიანებულია იმით, რომ ჩინეთი მეგობრობს რუს და ჩრდილოეთ კორეელ დიქტატორებთან, ვლადიმერ პუტინთან და კიმ ჩენ ინთან და მათ შეერთებული შტატების წინააღმდეგ „შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელის უახლესი პოსტი Truth Social-ზე ერთ რამეს ნიშნავს: თუ ჩინეთში ავტორიტარი ლიდერების ორი დიდი შეკრება აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად, მაშინ ამან „იდეალურად იმუშავა“.
„ამან ხაზი გაუსვა ტრამპის მცდელობების უშედეგობას, დაემორჩილებინა მსოფლიოს გავლენიანი პირები თავისი გარიგებების დადების უნარებით და მის მტკიცებას, რომ მის სავარაუდო ახლო ურთიერთობას ასეთ ლიდერებთან გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს“, - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან დაკავშირებით, CNN-მა გაიხსენა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში გამართულმა შეხვედრამ უკრაინას მშვიდობა არ მოუტანა და აშშ-ის პრეზიდენტისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრებიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ჩინეთში დიდი აღლუმი დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში იმართება და „ახალმა აზიურმა ზესახელმწიფომ“ სწორედ ამ მომენტში ისარგებლა ტრამპის არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკით, რამაც აშშ-ის, როგორც „საიმედო დიდი ძალის“, რეპუტაცია შელახა.