CNN: პენტაგონმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების ნებართვა გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპს ეკუთვნის
პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე მწვანე შუქი აუნთო. თავდაცვის დეპარტამენტის გამოთვლებით, კიევისთვის ასეთი დახმარება ამერიკულ არსენალზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ახლა გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული, წერს CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ჟურნალისტებს საკითხთან დაკავშირებულმა სამმა ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, შტაბების უფროსების გაერთიანებულმა საბჭომ ოქტომბრის დასაწყისში თეთრ სახლს აცნობა, რომ უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემა აშშ-ის თავდაცვისუნარიანობას არ შეასუსტებდა. ეს მოხდა ვაშინგტონში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ რაკეტების გადაცემის შესაძლებლობა თავად ტრამპმაც კი წამოჭრა, აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის მოულოდნელმა ცვლილებამ ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები გააკვირვა. ტრამპის არგუმენტი, რომ აშშ-ს „ტომაჰავაკები“ თავად სჭირდებოდა, კიდევ უფრო უცნაური იყო.
„შემდეგ მან ზელენსკის დახურულ კარს მიღმა უთხრა, რომ აშშ მათ არ მიაწვდიდა - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, - წერს CNN-ი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპმა გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ შეიცვალა, რომელმაც დაარწმუნა, რომ „ტომაჰავკები“ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენდა, თუმცა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ზიანს მიაყენებდა.
თუმცა, CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპს რაკეტები განხილვიდან სრულად არ ამოუღია და ადმინისტრაციამ მათი უკრაინისთვის სწრაფად მიწოდების გეგმებიც კი შეიმუშავა, თუ ტრამპი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი რაკეტების მიწოდების წინააღმდეგი არ არის, აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ცდილობენ, გადაწყვიტონ, თუ როგორ ისწავლიან უკრაინელები „ტომაჰავკების“ გამოყენებას, აცხადებენ ოფიციალური პირები.
ასევე, არსებობს წმინდა ტექნიკური სირთულეები: „ტომაჰავკები“, როგორც წესი, ზღვიდან გასაშვები რაკეტებია, მაგრამ რადგან უკრაინის საზღვაო ძალები მნიშვნელოვნად დასუსტებულია, მას მათი ხმელეთიდან გაშვება მოუწევს. თუმცა ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს: ან აშშ კიევს გადასცემს „ტომაჰავკებისთვის“ განკუთვნილ ხმელეთზე განთავსებულ გამშვებ დანადგარებს, ან უკრაინელები თავად შეიმუშავებენ ამ დანადგარებს.