CNN: ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, შეეწყალებინა საკუთარი შვილი, დემოკრატები აღაშფოთა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე შეეწყალებინა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი, რომელსაც 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დემოკრატების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, მანამდე ბაიდენი არაერთხელ და ცალსახად აცხადებდა, რომ ამ ნაბიჯს არასდროს გადადგამდა იმის მიუხედავად, რომ ჰანტერ ბაიდენის იურიდიული გუნდი შეწყალება დიდი ხანია, გამოსავლად მიიჩნევდა.
როგორც CNN აღნიშნავს, ბევრმა თანამდებობის პირმა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტთან მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ არასდროს სჯეროდათ ბაიდენისა და თეთრი სახლის წარმომადგენლების, რომლებიც მისი სახელით, ბოლო თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ჰანტერ ბაიდენის შეწყალება არ განიხილებოდა.
„ნებისმიერმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ის ამას გააკეთებდა. რატომ გვეჭირა თავი ისე, თითქოს ეს ასე არ არის?“ - მოჰყავს გამოცემას ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვები.
თუმცა, როგორც CNN აღნიშნავს, ჯო ბაიდენის ზოგიერთი უახლოესი მოკავშირე მაინც გაოგნებული დატოვა მისმა ამ გადაწყვეტილებამ.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ჰანტერ ბაიდენის შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯო ბაიდენმა მხოლოდ გასულ უქმეებზე მიიღო.
შეგახსენებთ, 54 წლის ჰანტერ ბაიდენი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ იყო ცნობილი და მისთვის სასამართლოს, სასჯელის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა განესაზღვრა.
როგორც ბაიდენმა შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, მისი შვილი „უსამართლო და შერჩევითი სასამართლო დევნის ობიექტად“ იქცა და მის მიმართ, განსხვავებული მიდგომა არსებობდა, ვიდრე ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებისადმი.