ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საკუთარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
54 წლის ჰანტერ ბაიდენი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ იყო ცნობილი და მისთვის სასამართლოს, სასჯელის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა განესაზღვრა.
„დღეს, ხელი მოვაწერე ჩემი შვილის, ჰანტერის შეწყალების აქტს. ეს არის სრული და უპირობო შეწყალება“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
მისივე თქმით, ჰანტერ ბაიდენი „უსამართლო და შერჩევითი სასამართლო დევნის ობიექტად“ იქცა და მის მიმართ, განსხვავებული მიდგომა არსებობდა, ვიდრე ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებისადმი.
როგორც Times of India წერს, ჰანტერ ბაიდენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ჯო ბაიდენს უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით თვე ნახევარი აქვს დარჩენილი.