CNN: ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 23 აპრილს არის დაგეგმილი
ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხუთშაბათს, 23 აპრილს, ვაშინგტონშია დაგეგმილი. ამის შესახებ CNN-ი ისრაელის ოფიციალურ პირსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის პირველი შეხვედრა 14 აპრილს გაიმართა, რომელსაც ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი და ლიბანის ელჩი ნადა ჰამადეჰი ესწრებოდნენ. ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ლეიტერი ისრაელის დელეგაციას კვლავ უხელმძღვანელებს.
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის დელეგაციას ელჩი სიმონ კარამი უხელმძღვანელებს.
„მოლაპარაკებების მიზანია მტრული ქმედებების შეჩერება, ისრაელის მიერ სამხრეთ ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება და არმიის განლაგება საერთაშორისოდ აღიარებულ სამხრეთ საზღვრებამდე“, - აღნიშნა ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ „მიესალმება 14 აპრილს დაწყებულ პროდუქტიულ ჩართულობას“. „ჩვენ გავაგრძელებთ ორ მთავრობას შორის პირდაპირი, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების ხელშეწყობას“, - დასძინა მან.