Loading data...
CNN: ისრაელი ღაზას სექტორში შეტევის დაწყებამდე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შეაჩერებს

ისრაელი ღაზას სექტორის აღებამდე ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩამოგდების შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების შესვლის შემცირებას გეგმავს, - ამის შესახებ CNN-ის წყარომ განუცხადა.

„ისრაელი აპირებს, შეწყვიტოს ღაზას ქალაქზე ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩამოყრა და მასშტაბური შეტევის დაწყებამდე შეამციროს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების შესვლის რაოდენობა“, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

CNN აღნიშნავს, რომ ისრაელის არმია თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ ღაზას უდიდესი ქალაქის სრულად დასაკავებლად ემზადება, მიუხედავად ქვეყნის შიგნით მზარდი წინააღმდეგობისა და გაფრთხილებებისა, რომ ამ კამპანიას რეგიონში მცხოვრები პალესტინელებისთვის კატასტროფული და აუტანელი შედეგები მოჰყვება.

როგორც მედია წერს, თელ-ავივში მომიტინგეები მოითხოვდნენ, რომ მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიჰყოლოდა და არა შეტევის ესკალაციას. მძევლების ოჯახებმა ისრაელის მთავრობა გააკრიტიკეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო წინადადების განუხილველობის გამო, რომელიც „ჰამასმა“ თითქმის ორი კვირის წინ მიიღო.

თვითმხილველებისა და პალესტინის ხელისუფლების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის სამხედროებმა ღაზას ქალაქზე ინტენსიური დაბომბვები და სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები დაზიანდა.