Loading data...
CNN: ირანმა ომის დროს დაბომბილი 18 მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტის შესასვლელების უმეტესობა ხელახლა გახსნა

ირანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვალში დაწყებული ომის დროს დაბომბილი 18 მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტის 69 გვირაბის შესასვლელიდან 50 გახსნა, იუწყება CNN-ი თანამგზავრულ სურათებზე დაყრდნობით.

ექსპერტების თქმით, ირანი მზადაა, ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მიმართულებით გაცილებით მეტი შორი მოქმედების რაკეტა გაისროლოს მას შემდეგ, რაც სწრაფად ამოიღებს თავის დამარხულ არსენალებს.

CNN-ის მიერ გადაღებული თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენა ირანმა მარტივი აღჭურვილობა, როგორიცაა ბულდოზერები და სატვირთო მანქანები, აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თეირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება მხოლოდ გვირაბების შესასვლელების მიზანში ამოღებით შეუძლებელია, განაცხადეს ექსპერტებმა.

თუ საომარი მოქმედებები განახლდება, ირანს შეეძლება, „რაკეტების გაშვება გააგრძელოს, სანამ მას აქვს გამშვები დანადგარები და ეკიპაჟები, მაშინაც კი, თუ წარმოება შეჩერებულია“, - განუცხადა CNN-ს ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრის მკვლევარმა სემ ლეირმა.

„არაფერი უშლის ხელს გამშვებ დანადგარებს, აღჭურვონ რაკეტების იმ დიდი მარაგით, რომელიც ირანელებს ჯერ კიდევ აქვთ“, - დასძინა მან. 

პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა CNN-ის დასკვნებთან დაკავშირებით კონკრეტულ კითხვებს არ უპასუხა და გაიმეორა ადრინდელი განცხადება, რომ „ამერიკის სამხედრო ძალები მსოფლიოში ყველაზე ძლიერია და აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა პრეზიდენტის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას მოქმედებისთვის“.

ტრამპმა არაერთხელ მიუთითა ირანის სარაკეტო არსენალზე, როგორც ომის მიზეზზე, ხოლო მისი განადგურება ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა. მარტში Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ომის ხუთი „მიზნიდან“ ერთ-ერთად „ირანის სარაკეტო შესაძლებლობების, გამშვები დანადგარებისა და მათთან დაკავშირებული ყველაფრის სრული განადგურება“ დაასახელა.