Loading data...
CNN: ეკონომიკური პრობლემები პუტინს მომდევნო წლებში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აიძულებს

რუსეთის ეკონომიკა წელს სულ უფრო მეტ სირთულეს აწყდება. თუმცა, ეს კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აიძულებს. წერს CNN.

ამჟამად რუსეთი აწყდება ინფლაციის სწრაფ ზრდას, ბიუჯეტის დეფიციტს (ნაწილობრივ სამხედრო ხარჯების გამო) და ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავლების შემცირებას. ეკონომიკური ზრდაც მკვეთრად შენელდა.

ამავდროულად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი საომარი მოქმედებებისა და დასავლეთის სანქციების გათვალისწინებით, კრემლი ამ პრობლემების ატანას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარის, მარია სნეგოვაიას განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა კრემლს საშუალებას აძლევს, ბრძოლა, სულ მცირე, სამიდან – ხუთ წლამდე პერიოდში გააგრძელოს.

მისი თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივის პროგნოზირება კი რთულია.

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის საერთაშორისო უსაფრთხოების უფროსმა მკვლევარმა, რიჩარდ კონოლიმ განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებმა რუსეთს საკმარისად სერიოზული ზიანი არ მიაყენა, რომ მოსკოვის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით შეეცვალა.

„რუსეთი ვიდრე ნავთობს აწარმოებს და ადეკვატურ ფასად ყიდის, მას გადარჩენისთვის საკმარისი ფული ექნება. არ ვამბობ, რომ მათთვის ეს ნამდვილად ვარდისფერი სურათია, მაგრამ საკმარისი რესურსები აქვთ“, - დასძინა კონოლიმ.

მარია სნეგოვამ დასძინა, რომ რუსეთი უფრო მეტად დათანხმდება წაგებიან სამშვიდობო შეთანხმებას, თუ ის ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, როგორც ეს იყო პირველი მსოფლიო ომის ბოლოს და საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში წარმოებული ომის დროს.

„რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ამ პერსპექტივისგან შორს არის, ხოლო მიღწევას რუსეთის ეკონომიკაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაცილებით სერიოზული ზეწოლა დასჭირდება“, - დასძინა მან.

ეს, თავის მხრივ, როგორც CNN წერს, ცუდი ამბავია უკრაინისა და ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელმაც ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მრავალი რაუნდი ჩაატარა.