CNN: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 22 აპრილს არის დაგეგმილი
აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ოთხშაბათს, 22 აპრილს, დილით არის დაგეგმილი. ამის შესახებ CNN-ი წერს.
CNN-ის წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას კვლავ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი უხელმძღვანელებს. დელეგაცია დღეს, 21 აპრილს, პაკისტანში გაემგზავრება. ირანის დელეგაციას კი პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს.
გამოცემა The Express Tribune ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა. 19-20 აპრილს პაკისტანში პერსონალით, აღჭურვილობითა და მარაგებით დატვირთული 11 თვითმფრინავი ჩავიდა.
გამოცემის ცნობით, ჯგუფებმა შეხვედრის ადგილის მომზადება თითქმის დაასრულეს, ძირითადი დელეგაციები კი პაკისტანში დღეს ჩავლენ. ირანის დელეგაციაც შესაძლოა, ისლამაბადში დღეს საღამოს ჩავიდეს.
პაკისტანურმა მხარემ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა, ჟურნალისტების თქმით, პირად საუბრებში აღიარა, რომ დიალოგის დაწყებამდე მთავარი გაურკვევლობა ორივე მხარის პოზიციებშია.
დიპლომატიური წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაფორმალური კონტაქტები გრძელდება.
ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ისლამაბადში მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა.