Loading data...
CNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული შიდა ქსელი გათიშულია

„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე კიბერშეტევის ნიშნები არ იკვეთება. ვიდრე სააგენტო ხარვეზის მასშტაბის დადგენას ცდილობს, თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების გრაფიკი სხვადასხვა დროზე გადანაწილდა.

„ვერ ვხედავთ ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ეს კიბერშეტევა იყო. ამერიკელებს სანერვიულო არაფერი აქვთ – არც კრიზისია და არც მსგავსი რამ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა.

ქსელი NSANet-ი თანამშრომლებს უწყების შიგნით საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს. აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განმარტებით, ქსელის გათიშვა გავლენას არ მოახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გადაუდებელი სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ამჟამად აზიაში, საპრეზიდენტო თვითმფრინავით (Air Force One) მოგზაურობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხება არ შეხებია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და კანადის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების სისტემასაც, რომელიც „ხუთი თვალის“ (Five Eyes) სახელით არის ცნობილი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-ში მასშტაბური ტექნიკური შეფერხებების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პარასკევს, სისტემური გაუმართაობის გამო, ქვეყნის მასშტაბით ყველა ავიარეისი რამდენიმე საათით შეჩერდა, რის შედეგადაც ათასობით ფრენა გადაიდო ან გაუქმდა. გასულ კვირას Microsoft-ის სერვისების შეფერხების გამო მომხმარებლებმა Outlook-ის ელექტრონულ ფოსტასა და Teams-ზე წვდომა დაკარგეს, ორშაბათს კი ონლაინ ანგარიშებით სარგებლობისას პრობლემები Chase Bank-ის ათასობით მომხმარებელს შეექმნა.