„ჩვენ ვცვლით ჩვენს მიდგომას ცის დაცვის მიმართ“ - ფიოდოროვმა დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნის შესახებ განაცხადა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხეილ ფიოდოროვმა, დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნის შესახებ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება. სისტემა, რომელიც პოსტფაქტუმ კი არ რეაგირებს, არამედ საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ფიოდოროვმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს იმდენი გამოცდილება საჰაერო თავდასხმებთან ბრძოლაში, რამდენიც უკრაინას.
„მსოფლიო ამ ტიპის ომისთვის მზად არ იყო. თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვართ, სწრაფად, სისტემატურად და ტექნოლოგიურად ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მითითებით, ჩვენ ვცვლით ჩვენს მიდგომას ცის დაცვის მიმართ. ასეთი სისტემის ტრანსფორმაცია რამდენიმე დღეში არ მოხდება, მაგრამ ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრა დღესვე უნდა დავიწყოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრის თქმით, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100 000-მდე „შაჰედის“ და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. რუსეთის თავდასხმების შედეგად კი ათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.