„ჩვენ თქვენს წყალქვეშა ნავებზე ვნადირობთ“ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი პუტინს მიმართავს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ რუსული გემების რაოდენობა, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებთან მოქმედებენ, 30%-ით გაიზარდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონი ყურადღებით აკვირდება მოსკოვის ქმედებებს. იტყობინება BBC.
ჯონ ჰილიმ კი კრემლი გააფრთხილა: „ჩვენ თქვენს წყალქვეშა ნავებზე ვნადირობთ“.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის წყლებთან რუსული გემების რაოდენობის ზრდა მოსკოვის აგრესიის ზრდაზე მიუთითებს ყველა ფრონტზე, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ევროპაზე.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკაში რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა ცივი ომის დონეს დაუბრუნდა.
რუსეთის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, სამეფო საჰაერო ძალებმა და სამეფო საზღვაო ძალებმა გააძლიერეს ჩრდილოეთ ატლანტიკის ზედამხედველობა, ბრიტანული თვითმფრინავები თითქმის ყოველდღიურად, ზოგჯერ 24 საათის განმავლობაში დაფრინავენ და ხშირად ნატოს სხვა მოკავშირეების მხარდასაჭერად.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა გაუშვა RAF P-8 საპატრულო თვითმფრინავი, რომელიც აკონტროლებს ზღვაში აქტივობას, მათ შორის რუსული გემების გადაადგილებას.
„რუსეთი გამოწვევის წინაშე დგას, ის გვცდის, გვაკვირდება. თუმცა, ეს თვითმფრინავები გვაძლევს შესაძლებლობას, პუტინს ვუთხრათ: „ჩვენ გიყურებთ, თქვენს წყალქვეშა ნავებზე ვნადირობთ“.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ასევე, შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას, ბორის პისტორიუსს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკა საკვანძო რეგიონია და მას რუსული ატომური წყალქვეშა ნავები ემუქრება.
„სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ზღვაში“, - განაცხადა პისტორიუსმა.