Loading data...
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, რამდენიმე მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ავრცელებენ.

მედიის ცნობით, ფხენიანმა პროვოკაციული ნაბიჯი სამხრეთ კორეაში აზიის ლიდერების სამიტის წინ გადადგა. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა მაისის შემდეგ პირველად გაისროლა.

ეს, ასევე, პირველი გაშვება იყო მას შემდეგ, რაც ლი ჯე მიუნგი სამხრეთ კორეის პრეზიდენტად აირჩიეს და ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრას განიხილავს.

ლი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის სამიტზე შეხვდებიან. ტრამპი, ასევე, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება.

„სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით რამდენიმე ჭურვი აღმოაჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებია“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების განცხადებაში.