Loading data...
ჩინეთში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა სი ძინპინს შეხვედრაზე ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვედრაზე ამერიკული წარმოების იარაღის შეძენა შესთავაზა. ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა დევიდ პერდიუმ Fox News-ის ეთერში ისაუბრა.

„პრეზიდენტი ტრამპი გამუდმებით ამბობს: „ჩვენ იარაღს მთელ მსოფლიოში სხვა ქვეყნებზე ვყიდით“. მან გარკვეულ მომენტში პრეზიდენტ სისაც კი ჰკითხა, ხომ არ ისურვებდა ცოტაოდენი შეიარაღების შეძენას“, — განაცხადა პერდიუმ.

დიპლომატმა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე ჩინეთის ლიდერის პასუხი არ გაამხილა. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთების მოთხოვნის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ამერიკელი ოფიციალური პირის მეშვეობით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, იტყობინება The New York Times-ი. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „აშშ-ის კანონმდებლობა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვას კრძალავს და არ არსებობს არანაირი წინადადება, ან გეგმა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ“.