ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა
ჩინეთმა 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის მიზეზი არის ფასი, რომელიც ჩინეთში ელექტროენერგიაზე შიდა ფასებზე მაღალი გახდა. შესაბამისად, რუსეთიდან დენის შეძენა პეკინისთვის არარენტაბელური გახდა.
2026 წლის დასაწყისამდე კომპანია „ინტერ რაო“ შორეული აღმოსავლეთიდან ჩინეთში დენის ჭარბ ოდენობას ყიდდა. კონტრაქტი დენის მიწოდებაზე ჩინეთთან 2012 წელს გაფორმდა და ის 2037 წლამდე იყო გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთიდან ჩინეთში 100 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება უნდა მომხდარიყო.
ჩინეთისთვის რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგია შიდა წარმოებასთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ამიტომ, ბალანსის თვალსაზრისით, ჩინურ ენერგოსისტემას ამ მოცულობის საკუთარი რესურსებით შევსება შეუძლია.