Loading data...
ჩინეთმა მოუწოდა აშშ-ს, რომ კოსმოსში ომისთვის მზადებას შეეშვას

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორბიტაზე შეიარაღების სისტემები განათავსა, ჩინეთმა მოუწოდა ვაშინგტონს, რომ კოსმოსში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებას თავი დაანებოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „დაუშვებელია კოსმოსის მილიტარიზაცია, ბრძოლის ველად მისი გადაქცევა, ასევე შეიარაღების რბოლა კოსმოსურ სივრცეში“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს, რომ შეწყვიტოს პოტენციალის გაძლიერება და კოსმოსში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადება“,- განაცხადა პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გო ცზიაკუნმა.

მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოსმოსში იარაღი განათავსეს. „აშშ-ს გააჩნია კოსმოსური სივრცის კონტროლის საშუალებები, რომლებიც ორბიტაზეა განთავსებული“, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა ტროი მეინკმა. მისი თქმით, ამ იარაღს „გაერთიანებული დაჯგუფების დაცვა შეუძლია არამეგობრული ქმედებებისგან“. შეიარაღების შესახებ დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს საშუალებები შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის და ის კოსმოსზე კონტროლის და მისი დაცვის შესაძლებლობას იძლევა.

აშშ-ის კოსმოსური ძალების განცხადებაში ჩინეთი და რუსეთია ნახსენები. „ჩინეთი ქმნის ახალ სისტემებს კოსმოსში მოქმედებისთვის და კოსმოსის საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ფარგლებში. რუსეთი კი კოსმოსს განიხილავს, როგორც საბრძოლო მოქმედებების თეატრს და მისი სტრატეგია დაფუძნებულია იმაზე, რომ კოსმოსზე კონტროლის დამყარება მომავალ კონფლიქტებში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“, - აღნიშნულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.