Loading data...
ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კონსერვატორმა, ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში ხმათა 58,2% მიიღო. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

მისმა კონკურენტმა, ჩილეს კომუნისტური პარტიის წევრმა ჟანეტა ხარამ, ამომრჩეველთა ხმების 41,8% მიიღო.

კასტი ჩილეს პირველი ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტია ბოლო 35 წლის განმავლობაში.

„ჩილეს სჭირდება წესრიგი, წესრიგი ქუჩებში, წესრიგი ქვეყანაში. საუბარია პრიორიტეტებზე, რაც ბოლო დროს დავკარგეთ“, - განაცხადა ჩილეს არჩეულმა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მეორე ტურის შედეგები არის მისთვის „ფართო მანდატი“, რომელიც მას ქვეყნის მოქალაქეებმა მისცეს და, ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.

ჟანეტა ხარამ უკვე მიულოცა კასტს გამარჯვება. ასევე ხოსე ანტონიო კასტს გამარჯვება მიულოცეს არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„მემარცხენეები უკან იხევენ“, - განაცხადა ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას არგენტინის ლიდერმა.