Loading data...
ავსტრალიის პრემიერის თქმით, ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონმდებლობა გამკაცრდება

„ბნელი დღე ავსტრალიის ისტორიაში. ბოროტების, ტერორის და ანტისემიტიზმის აქტი“, - ასე შეაფასა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ.

მისი თქმით, ავსტრალიის ხელისუფლება ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონებსა და ლიცენზიების გაცემის წესს გადახედავს.

როგორც ალბანეზემ აღნიშნა, საჭიროა იარაღის შესახებ უფრო მკაცრი კანონმდებლობის შემუშავება.

„დღეს, შუადღისას, ოთხ საათზე ეროვნული კაბინეტის დღის წესრიგში შევიტან იარაღის შესახებ უფრო მკაცრ კანონმდებლობას, მათ შორის ფიზიკური პირების მიერ გამოსაყენებელი ან ლიცენზირებული იარაღის რაოდენობის შეზღუდვას და ლიცენზიების გადახედვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ადამიანები იცვლებიან. ადამიანები, შეიძლება, რადიკალურები გახდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიები არ უნდა იყოს უვადო“, – განუცხადა ალბანეზემ მედიას.

ამასთან, ცნობილია თავდამსხმელების ვინაობაც. პოლიციის ცნობით, თავდასხმა მამა-შვილმა, საჯიდ და ნავიდ აკრამებმა მოაწყვეს. 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე, სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. 42 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება. სამართალდამცველები დანაშაულის მოტივს ამ დრომდე ადგენენ.