ჩელიაბინსკთან ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკთან მდებარე ერთ-ერთ საწარმოში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა და 5 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„დადასტურებულია 10 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. 5 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - დაწერა „ტელეგრამში“ ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი ტეკსლერმა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა საწარმოო უსაფრთხოების დარღვევის მუხლით. 24 ოქტომბერი ჩელიაბინსკის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება ქალაქ კოპეისკში, ქარხანა „პლასტმასის“ მიდამოებში მოხდა, ამ ქარხანაში იარაღის და საბრძოლო მასალების წარმოება ხდება. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის თქმით, ქალაქზე საჰაერო შეტევაში სამი დრონი მონაწილეობდა. აფეთქების მომენტში საწარმოში 15 ადამიანი იმყოფებოდა.