Loading data...
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივის შეწყვეტა არ გამორიცხა

ჩეხური პოპულისტური პარტია ANO-ს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კარელ ჰავლიჩეკმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივის შეწყვეტა არ გამორიცხა.

ჰავლიჩეკის თქმით, თანამდებობის პირები გამავალი მთავრობის მიერ „დაშინებულები“ ​​იყვნენ და ახლა  უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივასთან დაკავშირებით „ალაპარაკდნენ“.

მისი აზრით, ქვეყნები, რომლებიც ინიციატივას შეუერთდებიან, გაოცებულები დარჩებიან.

„მთავრობის ფორმირების შედეგები უფრო დიდ პრობლემებს აჩვენებს, ვიდრე მოძრაობა ANO ელოდა“, - განაცხადა ჰავლიჩეკმა.

აღსანიშნავია, რომ ANO-ს ლიდერმა ანდრეი ბაბიშმა ადრე პირობა დადო, რომ გააუქმებდა „ჭურვების ინიციატივას“, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას უწყობს ხელს.

ამავდროულად, მან ცოტა ხნის წინ შეარბილა რიტორიკა ინიციატივასთან დაკავშირებით - კერძოდ, თქვა, რომ ის ნატოს დონეზე უნდა განიხილებოდეს.

ბაბიშმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ბიუჯეტიდან თანხებს არ გამოყოფს, თუმცა აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანიებს შეკვეთების შესრულება შეეძლებათ. 

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პრაღის მიერ საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივის მეშვეობით უკრაინის მხარდაჭერის შემცირება, ან შეწყვეტა, პირველ რიგში, თავად ჩეხეთის რესპუბლიკას დააზარალებს.