ჩეხეთის პრეზიდენტი: 2-3 დღით „ზავის“ გამოცხადებას აზრი არ აქვს, არავის ექნება დრო მოლაპარაკებების დასაწყებად

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით გამოცხადებული მოკლევადიანი „ცეცხლის შეწყვეტა“ აზრს მოკლებულია. ამის შესახებ პაველმა პრაღაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ 1-2-3 დღით ზავზე, ასეთ ზავს აზრი არ აქვს. არავის ექნება დრო მოლაპარაკებების დასაწყებად. ვსაუბრობთ 30-დღიან უპირობო ზავზე - ეს წინადადება უკრაინამ წამოაყენა“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რითაც უკრაინის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
პაველმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა, ვლადიმერ პუტინის მიერ აპრილში გამოცხადებული ე.წ. „სააღდგომო ზავის“ მიუხედავად, დაბომბა.
„თუ ომის დასრულებაზე ვსაუბრობთ, მაშინ ყველა კარტი ჯერჯერობით პრეზიდენტ პუტინს აქვს. მას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება, თუმცა ასეთი სურვილი ჯერ არ გამოუხატავს“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც ძალაში იქნება მოსკოვის დროით 8 მაისის 00:00 საათიდან 11 მაისის 00:00 საათამდე. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საომარ მოქმედებებს შეწყვეტს.