ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ აღარ შეგვიძლია, უკრაინას ჩეხეთის ბიუჯეტიდან ფული მივცეთ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პრაღა მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არ არის მზად, კიევს სესხებით უზრუნველყოფის გარანტია მისცეს.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია, უკრაინას ჩეხეთის ბიუჯეტიდან ფული მივცეთ, რადგან ჩვენს სკოლებში მზარეულებისთვისაც კი არ გვაქვს საკმარისი თანხა... გარანტია, ფაქტობრივად, ვალია, რადგან ცხადია, რომ უკრაინა ვერასდროს შეძლებს ამ ფულის დაბრუნებას“, - აღნიშნა ბაბიშმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების საერთო მოცულობამ უკვე 377 მილიარდ ევროს მიაღწია - 187 მილიარდი ევრო ადრე, 100 მილიარდი ევრო ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ფინანსური პროგრამიდან და კიდევ 90 მილიარდი ევრო სესხების მეშვეობით.
თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკა, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ყოველწლიურად ევროკავშირის ბიუჯეტში 60-62 მილიარდ კრონას (დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს) რიცხავს.
„ასე რომ, ჩვენ ამ ფულით ვეხმარებით“, - განაცხადა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.
თუმცა ბაბიშმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დეკემბერში, ევროკავშირის სამიტის დროს „მშვიდობაზე თითქმის არანაირი საუბარი“ არ ყოფილა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შესთავაზა შეთანხმება, რომელიც შობამდე ცეცხლის შეწყვეტას და 2026 წლის 24 თებერვალს ომის დასრულებას ითვალისწინებდა. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ეს იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა, როგორც აგრესორმა, უნდა გადაიხადოს რეპარაციები. თუმცა ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი... ამავდროულად, ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ: თუ ვინმე ამბობს, რომ რუსეთს დავამარცხებთ, ექსპერტები ამბობენ, რომ არა“, - ხაზგასმით აღნიშნა ბაბიშმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ომი მისი მთავრობის პოლიტიკაში იმავე ადგილს არ დაიკავებს, როგორც წინა მთავრობის შემთხვევაში იყო. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთს „არანაირი გავლენა არ ექნება მასზე“, რადგან შიდა პოლიტიკა პრიორიტეტად უნდა დარჩეს.
„ჩეხეთი აქ პირველ ადგილზეა და ასე დარჩება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში“, - დაასკვნა პოლიტიკოსმა.