CBS News: ზელენსკიმ შესაძლოა, ტრამპისა და პუტინის სამიტში მონაწილეობა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპისა და კრემლის ხელმძღვანელის ვლადიმერ პუტინის სამიტში, რომელიც 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება. ამის შესახებ CBS News-ი საკითხთან დაკავშირებულ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან მისი შეხვედრა 15 აგვისტოს არის დაგეგმილი და ის ალასკის შტატში გაიმართება.
წყარო ამტკიცებს, რომ ამ სამიტის გეგმები ჯერ კიდევ არ არის საბოლოო და რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, უკრაინის პრეზიდენტი მასში „ამა თუ იმ ფორმით“ ჩაერთოს.
ამ კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი მზად არის, შეხვდეს როგორც პუტინს, ასევე ზელენსკის.
ცნობისთვის, ეს პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ამერიკელ ლიდერთან მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინს 2021 წლის ივნისში შვეიცარიაში შეხვდა.