ბუდანოვი: უკრაინის მიერ შემოღებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩვენი მხრიდან მშვიდობისადმი გულწრფელ სურვილს ადასტურებს
უკრაინის მიერ შემოღებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩვენი მხრიდან მშვიდობისადმი გულწრფელ სურვილს ადასტურებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Telegram არხზე.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტა შემოიღო არა რაიმე თარიღთან დაკავშირებით იდეოლოგიური დოგმების დაწესების მიზნით, არამედ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და უსაფრთხოების აღსადგენად.
„თუ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორივე მხარე დაიცავს, ჩვენ მას გავახანგრძლივებთ. ეს კი მოგვცემს იმედს, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ის, რომ მდგრადი მშვიდობა დამყარდება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა მშვიდობისადმი ერთგულება.
„შემდეგი ნაბიჯი რუსეთს ეკუთვნის. მზადაა თუ არა მოსკოვი, დაამტკიცოს, რომ ადამიანის სიცოცხლეს მისთვის რაიმე ღირებულება აქვს? ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მტრის ყველა ნაბიჯს და მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“, - დაასკვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8-9 მაისს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღება ცალმხრივად გამოაცხადა. საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 5-6 მაისის ღამის 00:00 საათიდან აამოქმედებს. მისი თქმით, კიევი სარკისებურად იმოქმედებს.