Loading data...
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდა. მედიის ცნობით, ივეტ კუპერმა კირ სტარმერს პირადად განუცხადა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს.

ამჟამად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაუნინგ სთრითზე არ იმყოფება. როგორც ვრცელდება, კირ სტარმერი ოჯახთან ერთად გარეუბანში მდებარე რეზიდენციაში, ჩეკერსშია.

მანამდე, ბიზნესისა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ კაილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტარმერთან პარასკევის შემდეგ აღარ უსაუბრია. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ „გულწრფელი საუბარი“ ჰქონდათ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ახლა პრემიერი დგას.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს, რადგან მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობა დაკარგა.

როგორც „ობზერვერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მრჩევლებთან, პროფკავშირების ლიდერებსა და ლეიბორისტული პარტიის დონორებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. მათივე ინფორმაციით, სტარმერი თანამდებობის დატოვების ვადებს ისე განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდეს. სავარაუდოდ, ის ოფიციალურად სექტემბერში, ლეიბორისტული პარტიის ყრილობამდე გადადგება. მანამდე სტარმერი აცხადებდა, რომ საკუთარი სურვილით პოსტს არ დატოვებდა.