ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას
„უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია“, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა.
მან გაერთიანებულ სამეფოსა და მოკავშირეებს მოუწოდა, მოახდინონ ზეწოლა დონალდ ტრამპზე, რათა უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდეს.
ყოფილი პრემიერის თქმით, ვაშინგტონს უნდა სთხოვონ, უკრაინას Patriot-ის სისტემების საჰაერო რაკეტების ადგილზე წარმოების უფლება მისცეს.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას რუსული სარაკეტო იერიშებისგან თავის უკეთ დაცვის საშუალებას მისცემს.
გორდონ ბრაუნის განცხადებით, ომი, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრით დაიწყო, „გადამწყვეტ ფაზაში შედის“. მან აღნიშნა, რომ ტრამპი უკრაინას რაკეტების წარმოების ტექნოლოგიისა და ნახაზების გადაცემას ჰპირდებოდა, თუმცა „ეს დაპირება დღემდე არ შეუსრულებია“.