Loading data...
ბრაზილიის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი

ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას განცხადებით, მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. 

ლუის ინასიუ ლულა და სილვას მტკიცებით, აშშ-ის ტარიფების შესახებ ბრაზილიური გაზეთებიდან შეიტყო

„ამერიკელი ხალხი გადაიხდის იმ შეცდომებისთვის, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი ბრაზილიასთან ურთიერთობაში უშვებს“, - აღნიშნა ლულა და სილვამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ სცადა უბრალოდ ტელეფონის აღება და დარეკვა ან ურთიერთობის დამყარება, ბრაზილიის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არასდროს მიცდია, რადგან მას არასდროს სურდა საუბარი“.

ტრამპზე საუბრისას ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ცივილიზებული ფორმით არ ურთიერთობს, მან უბრალოდ გამოაქვეყნა ტარიფები თავის პორტალზე – სოციალურ მედიაში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აღწერდა თავის ურთიერთობას აშშ-ის პრეზიდენტთან, მან უბრალოდ უპასუხა, რომ „ურთიერთობა არ არსებობს“. ლულამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან მისი ცუდი ურთიერთობები გამონაკლისი იყო და აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან, უკრაინასთან, ვენესუელასთან და „მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან“.

„ტრამპი შეიძლება, იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი!“- აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ბრაზილიის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შესახებ კითხვაზე ლულა და სილვამ განაცხადა, რომ „ბრაზილია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია“.

„ბრაზილია არ აფინანსებს რუსეთს, ჩვენ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან, რადგან გვჭირდება ნავთობის ყიდვა ისევე, როგორც ჩინეთს, ინდოეთს, დიდ ბრიტანეთს ან აშშ-ს სჭირდება ნავთობის ყიდვა“, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.