Loading data...
ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, რიოში ლედი გაგას კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტის დაგეგმვა აღკვეთეს

ბრაზილიის პოლიციის განაცხადებით, რიო-დე-ჟანეიროში ლედი გაგას ხალხმრავალ კონცერტამდე ერთი დღით ადრე ტერაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ოთხ სხვადასხვა შტატში ჩატარებული რეიდების შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. პოლიციის დაზვერვის ინფორმაციით, ონლაინ ქსელები გამოავლინეს, რომლებიც მოზარდებში ძალადობრივ ქცევას ახალისებდნენ.

„ეჭვმიტანილებმა დაიქირავეს მონაწილეები, მათ შორის არასრულწლოვნები, რათა იმპროვიზებული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით კოორდინირებული თავდასხმები განეხორციელებინათ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

„გეგმა განიხილებოდა, როგორც „კოლექტიური გამოწვევა“, რომლის მიზანიც სოციალურ მედიაში ცნობადობის მოპოვება იყო“, - დასძინა პოლიციამ.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, გეგმის უკან იდგნენ დამქირავებლები, რომლებიც თავს ლედი გაგას გლობალური თაყვანისმცემლების ბაზის, „პატარა მონსტრების“ წევრებად ასახელებდნენ.

პოლიციამ რიუ-გრანდი-დუ-სულის სამხრეთ შტატში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავა მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯგუფების ლიდერია, ხოლო რიო-დე-ჟანეიროში ასევე დააკავეს მოზარდი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის.

ხელისუფლებამ რიო-დე-ჟანეიროს, მატუ-გროსუს, რიუ-გრანდი-დუ-სულისა და სან-პაულუს შტატებში ათზე მეტი ჩხრეკისა და ჩამორთმევის ორდერი გასცა.

ოფიციალური მონაცემებით, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას უფასო კონცერტს 2.1 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.