Loading data...
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კანის კიბო დაუდგინდა

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კანის კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ბრაზილიის DF Star Hospital-ის ცნობით, ჟაირ ბოლსონარუ საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც ის წინა დღეს ღებინების, თავბრუსხვევისა და დაბალი არტერიული წნევის გამო მოათავსეს.

სამედიცინო დაწესებულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა დამატებითი დაკვირვება იქნება საჭირო. ტესტებმა ასევე გამოავლინა კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, რაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის რეგულარულ მონიტორინგს მოითხოვს.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ორი წარმონაქმნი კანის კიბოს ადრეულ სტადიაზე იყო. ისინი უკვე ამოკვეთილია, მაგრამ რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალი წანაზარდები არ გაჩნდეს და მოცილება სრულად მოხდეს“, - განმარტეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის.

70 წლის ბოლსონარუმ და მასთან ერთად ბრალდებულებმა ყველა ბრალდება უარყვეს და სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდეს.