ბოსნიაში იტალიური ვერტმფრენი ჩამოვარდა - მედია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება
ბოსნია და ჰერცეგოვინაში იტალიური CH-47 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც ევროკავშირის ოპერაცია EUFOR Althea-ში მონაწილეობდა. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, ვერტმფრენი 29 ოქტომბერს, შუადღისას, ოპერაცია „ალთეას“ ფარგლებში მისიის შესრულებისას ჩამოვარდა. მიმდინარეობს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიება.
იტალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისინი დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან უფრო ზუსტ ინფორმაციას ელოდებიან ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, რომ ავარიის შედეგად ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის მისიის ცნობით, ვერტმფრენმა კატასტროფა სერბეთთან საზღვარზე, ბრჩკოს რეგიონში, გორიცას დასახლებულ პუნქტთან ახლოს განიცადა.