ბორის პისტორიუსის თქმით, ევროპამ მოსკოვში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა არ უნდა უარყოს, თუკი ეს გარკვეულ შედეგს მოიტანს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა უარყოს მოსკოვში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა, თუკი ეს გარკვეულ შედეგს მოიტანს.
პისტორიუსი მიიჩნევს, რომ შეცდომა იქნებოდა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეთავაზების უბრალოდ უარყოფა ევროპელებთან მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
„მოსკოვში მოწვევაზე უარის თქმა არასწორი გზავნილი იქნებოდა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. საბოლოო ჯამში, მხოლოდ მათ შეუძლიათ შედეგების მიღწევა, ვინც საუბრობს“, - განაცხადა მინისტრმა ვარშავაში ვიზიტის დროს.
თუმცა, როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა მიწვევები, არამედ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგები, კერძოდ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა.
მისი თქმით, დაუშვებელია, რომ მოლაპარაკებები გაჭიანურდეს და მხოლოდ ფასადური ხასიათი ჰქონდეს იმ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები კვლავ იღუპებიან.
„თუ ის ახლა აგზავნის პირველ სიგნალებს და ევროპელებს მოსკოვში იწვევს, მაშინ ეს ყველა მხრიდან მისასალმებელი უნდა იყოს“, - განმარტა პისტორიუსმა.
„და თუ ეს ასეა, მაშინ ცხადი უნდა იყოს: ეს უნდა მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტასაც — და არა სროლის გაგრძელებასა და, ამავდროულად, თავის მოჩვენებას, თითქოს სადღაც მოლაპარაკებების წარმოება გსურს“, — დასძინა მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ ამის გასარკვევად დიალოგის წარმოებაა საჭირო.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვში მიიწვია, რათა გიგოს მათი პოზიცია, უკრაინაში ომის მოგვარების თაობაზე დიალოგის გაგრძელების მიზნით.