Loading data...
ბორის პისტორიუსი: მსოფლიო წესრიგი ირღვევა, ომები და კრიზისები მძვინვარებს, ამერიკის ყურადღების ცენტრი იცვლება და ამის გამო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბორის პისტორიუსმა გამოსვლა მსოფლიო წესრიგის ცვლილებაზე საუბრით დაიწყო.

„ვერაფერს მივიჩნევთ თავისთავად მოცემულად. თავისუფლებას მთელ მსოფლიოში თავს ესხმიან, მსოფლიო წესრიგი ირღვევა, ომები და კრიზისები მძვინვარებს. ამერიკის ყურადღების ცენტრი იცვლება და ამის გამო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება. არის ეს პესიმიზმის მიზეზი? გულწრფელად რომ ვთქვა, ის ფაქტი, რომ აშშ ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, არასოდეს ყოფილა ნორმა. ეს ყოველთვის გამონაკლისი იყო. ასეთი გამონაკლისი შეთანხმებები მარადიული არ არის და არც უნდა იყოს“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში მოკავშირეებთან შეხვედრებმა მას „რეალისტური, პრაგმატული და ფხიზელი ოპტიმიზმის“ განცდა დაუტოვა.

„ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაშინ როცა აშშ უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს სტრატეგიული და ბირთვული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ნატო უფრო ევროპული ხდება, რათა დარჩეს ტრანსატლანტიკური. თვით აშშ-საც კი არ შეუძლია მარტო მოქმედება. მას სჭირდება მოკავშირეები. ნატოს ფარგლებში მათი არსებობა აშშ-ს სხვა მსოფლიო ძალებზე ძლიერს ხდის“, - დასძინა პისტორიუსმა.