Loading data...
ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შანსს ვერ ხედავს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი ამჟამად არ არსებობს. აღნიშნული განცხადება ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 წლისთავზე საუბრისას გააკეთა. 

ჯონსონის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდის ერთ მხარეს კრემლის ლიდერი ზის, „რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ მას არ აქვს მშვიდობისკენ სწრაფვის განზრახვა“.

„შემოთავაზებული გეგმებიდან ზოგიერთი მხოლოდ აბსტრაქტულ იდეას ჰგავს. არ მგონია, რომ მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა

ამასთან, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები რუსეთის პრეზიდენტზე არასათანადო ზეწოლას ახორციელებენ. 

ინფორმაციისთვის, აშშ, უკრაინა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს. თუმცა, როგორც „ბიბისიმ“ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადების შემდეგ, კრემლი ჟენევაში მოლაპარაკებების ახალ თარიღს ჯერ არ ასახელებს. 

კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირას გაიმართება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის გამართვა, რათა საკვანძო თემა - ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს, ბუდანოვმა უპასუხა, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხს აყენებს, მაგრამ რუსეთისგან კონკრეტული პასუხი არ ყოფილა.