Loading data...
Bloomberg: ვაშინგტონი და პეკინი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებებზე პირველად შეთანხმდნენ

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სამიტი გაიმართა. ამ შეხვედრამ პირველად გახსნა შესაძლებლობა, პეკინი უკრაინის ომის მოგვარების საკითხში რეალურად ჩაერთოს. ამის შესახებ Bloomberg-ს ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა დევიდ დაოკუი ლიმ განუცხადა.

ლის თქმით, ეს შეხვედრა „ისტორიული“ იყო, რადგან შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი მოლაპარაკებებში თანასწორ პარტნიორად აღიარა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია მომავალი „სერიოზული მოლაპარაკებების“ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

„ორ ლიდერს შორის გამართული ყველა შეხვედრიდან, ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია — მართლაც ისტორიული. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩინეთის აღიარება, როგორც თანასწორი პარტნიორის საკითხების განხილვისთვის, ორივე მხარისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროგრესია“, - აღნიშნა ლიმ.

სამიტის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ, რომ „ერთად იმუშავებენ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად“. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის მონაწილეობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ომის ირგვლივ არსებულ დიპლომატიურ კონტექსტზე.

შეხვედრა ასევე დასრულდა ერთწლიანი სავაჭრო ზავის გამოცხადებით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლზე შეთანხმებებით. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მთავარი ინტრიგა ჩინეთის შესაძლო ჩართვაა უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში, კერძოდ, უკრაინაში.

ამავე დროს, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება ჩინეთზე სტრატეგიულ სფეროებში და აგრძელებს მოკავშირეების გაერთიანებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე.