Loading data...
Bloomberg: თუ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს, ევროპას მოუწევს ამ „უფსკრულის“ შევსება

თუ შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის ომში უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს, ევროპას მოუწევს, ამ „უფსკრულის“ შესავსებად ნაბიჯი გადადგას. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელი, წერს Bloomberg-ი.

„დონალდ ტრამპის თეთრი სახლის კართან ყოფნისას ევროპის მთავრობები ყველაზე უარესი სცენარის წინაშე დგანან: მათ შესაძლოა, მალე არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა, არამედ რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერაც მოუწიოთ ამერიკელი მოკავშირეების გარეშე“, - წერს გამოცემა. 

ამავდროულად, „ბლუმბერგი“ აცხადებს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ევროპამ, ყველა თანხმდება, რომ „უახლოეს მომავალში“ ის ვერ შეძლებს სრულად ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები:

„ევროპის მთავრობებმა კიევს დიდი ფინანსური დახმარება გაუწიეს, მაგრამ აშშ მის უმსხვილეს სამხედრო დონორად რჩება. მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული დაუცველობა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების გაცვლაა, რომელიც უკრაინის მიერ რუსულ აქტივების მიზანში ამოღების გასაღებია“.

როგორც Bloomberg-ი წერს, საერთო ჯამში, ევროპის დედაქალაქები აცნობიერებენ, რომ მომავალი წელი უკრაინის თავდაცვისთვის კრიტიკული იქნება. ოფიციალური პირების თქმით, მთავარი საკითხი არის ის, თუ რამდენად ძლიერი იქნება უკრაინის პოზიცია ნებისმიერ მოლაპარაკებებში და ტრამპის გეგმების სპეციფიკა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპას შესაძლოა, დრო დასჭირდეს წარმოების გაზრდისთვის, მაგრამ ის უკვე აწარმოებს საკუთარ იარაღს მოწინავე შესაძლებლობებით, როგორიცაა გერმანული Taurus-ის საკრუიზო რაკეტები, ან ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow-ის რაკეტები.

როგორც აშშ-ის არმიის გადამდგარმა გენერალმა და ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯისმა,  თქვა, საკითხავია, შეძლებენ თუ არა ევროპელები თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობების გაერთიანებას და იარაღის მასშტაბურად წარმოებას. თავად დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების გარეშეც კი „დასავლეთის მთლიანი ეკონომიკა რუსეთისას ჩამორჩება“: „საუბარია პოლიტიკურ ნებაზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი დანიშნა, რომელმაც მას ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“ წარუდგინა.