Loading data...
ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი დაასახელა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გააკეთა. 

„კიტს გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა აქვს, მათ შორის ჩემს პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების უაღრესად მგრძნობიარე პოზიციებზე მსახურობდა. ის თავიდანვე ჩემთან იყო! ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მშვიდობას ძალის მეშვეობით და გავხდით ამერიკას და მსოფლიოს ისევ უსაფრთხოს!“, - დაწერა ტრამპმა.

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი და ვიეტნამის ომის ვეტერანი, 80 წლის კიტ კელოგი ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსი  და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მრჩეველი იყო. 

კელოგმა მიმდინარე წლის ზაფხულში ფრედ ფლეიცთან ერთად, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ასევე მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბის უფროსად, უკრაინისთვის „მშვიდობის გეგმა“ შეიმუშავა. ეს გეგმა მოიცავს ფრონტის ხაზების გაყინვას და კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკებებში ჩართვის იძულებას.

კერძოდ, შემოთავაზებული სტრატეგიის მიხედვით, შეერთებული შტატები უკრაინას ეტყვის, რომ ის მიიღებს უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს მოსკოვი, რომ მოლაპარაკებაზე უარის თქმა კიევის მხარდაჭერის გაზრდას გამოიწვევს. ამავე გეგმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში დღის წესრიგიდან ამოღებული იქნება.