Loading data...
Bloomberg: სლოვაკეთი და უნგრეთი აცხადებენ, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების იმპორტს ალტერნატივების გარეშე არ შეამცირებენ

სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შემცირების შესახებ, სანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომარაგების საკმარის ალტერნატიულ წყაროებს არ იპოვიან. ამის შესახებ Bloomberg-ი ქვეყნების მინისტრების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.

17 სექტემბერს ბრატისლავაში ჟურნალისტებთან საუბრისას სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა, რომ „შეიქმნება აუცილებელი პირობები“, სანამ მისი ქვეყანა რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს.

„სანამ სრულად ვალდებულებას ავიღებთ, საჭიროა, შევქმნათ შესაბამისი პირობები - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვრისკავთ სერიოზული ზიანი მივაყენოთ ჩვენს ინდუსტრიასა და ეკონომიკას“, - აღნიშნა მან.

საკოვამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ალტერნატიული მარშრუტების მხარდასაჭერად საკმარისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პოზიცია ნათლად გამოხატა ამ კვირაში ვენაში აშშ-ის ენერგეტიკის მდივანთან, კრის რაიტთან მოლაპარაკებების დროს.

საკოვას თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოხატა გაგება და აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ენერგეტიკული პროექტები უნდა გააძლიეროს.

თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელი გულიაშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უარყოფს ევროკავშირის ინიციატივებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მისი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.

ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სანქციები დააწესოს, თუ ნატოს ყველა ქვეყანა იმავეს გააკეთებს და თუ ისინი შეწყვეტენ რუსული ნავთობის შეძენას.

მედიის ცნობით, ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების ფარგლებში, განიხილავს სანქციების დაწესებას ინდოეთისა და ჩინეთის იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობას ხელს უწყობენ.