Loading data...
Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის დროებით შეჩერებას განიხილავს

ევროკავშირი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის დროებით შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.

ამჟამად მოქმედი სისტემა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ავტომატურად არეგულირებს ფასის ზედა ზღვარს ისე, რომ ის საბაზრო ფასზე 15%-ით დაბალი იყოს. არსებული წესის მიხედვით, რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის მაქსიმალური ფასი 44,10 დოლარს შეადგენს. თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ და ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ ვითარებაში ივლისში დაგეგმილი მორიგი გადახედვის შემთხვევაში ფასის ზედა ზღვარი შესაძლოა, სულ მცირე, 65 დოლარამდე გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „დიდი შვიდეულის“ მიერ თავდაპირველად განსაზღვრულ 60-დოლარიან ლიმიტს.

სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ბრიუსელი განიხილავს როგორც არსებული ზღვრის გაყინვას, ისე ავტომატური კორექტირების მექანიზმის წლის ბოლომდე შეჩერებას.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შევიდეს, რომლის წარდგენაც ივნისის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ახალი სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტსაც“, გემებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება.